დედაქალაქის მერიის პრესსამსახური უარყოფს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიგი უგულავა მერიის ხარჯებით,
ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად ლას ვეგასში დასასვენებლად იმყოფებოდა. მერიის განცხადებით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„თბილისის მერი გიგი უგულავა 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ქალაქ ლას ვეგასში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტების დროს, თბილისის მერმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ქალაქის მერთან. შეხვედრების მიზანი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის, ადგილობრივი საგადასახადო მიდგომების, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში გიგი უგულავა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კორპორაციების პრეზიდენტებსაც შეხვდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენას ,,Waste Expo” დაესწრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო მხოლოდ მერის მივლინებასთან დაკავშირებით და ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულების დაცვით“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერია ადასტურებს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას, ასევე ლეგიტიმურად მიიჩნევს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მედიის ინტერესი, თუმცა „სამწუხაროა, რომ უკვე მერამდენედ, სტუდია ჯიენესი მიზანმიმართულად აწვდის საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, რითიც ის უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას და ბოროტად იყენებს გამოხატვის თავისუფლებას“ - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

















