საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 9-დან 16 დეკემბრამდე, საქართველოში ხელოვნების აკადემიის მიერ დაფუძნებული კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი ჩატარდება.
ამის შესახებ სამინისტროში დღეს სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომლებიც სწავლობენ მუსიკალურ სკოლაში მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით საფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალობებით.
კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარე იქნება ხელოვნების აკადემიის რექტორი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
ღონისძიება 9 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნება, ხოლო დახურვის ცერემონიალი 16 დეკემბერს გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მოხდება მათი დაჯილდოვება.
ამავე დღეს ჩატარდება გამარჯვებულთა გალა-კონცერტი. 5 ლაურეატი კი ბულგარეთში – ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსის ფესტივალზე გაემგზავრება, ასევე 5 მონაწილე მიიღებს ხელოვნების აკადემიის მიერ დაწესებულ სტიპენდიას, რომელიც მათი ერთი წლის სწავლის საფასურს დაფარავს.

















