ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები“ უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსიის გაგრძელებაა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი დიანა იანსე მიმართავენ.
კონფერენციაზე პარტიები 1ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალი კანდიდატების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ,ასევე წარმოადგენენ გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშს.
კონფერენციას დაესწრებიან პარტიები, რომლებმაც გლობალურ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები,დიპლომატიური კორპუსის,საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, სახალხო ლიბერალური პარტიიდან ბონი ბერნსტრომი ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში 11 პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა NDI-ის გლობალურ სამოქმედო გეგმას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები“ აღნიშნული გეგმის ფარგლებში პარტიებმა აიღეს ვალდებულება,იმუშავონ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქალთა
პოლიტიკურ მონაწილეობას უშლის ხელს.

















