სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, დღეს სამინისტროში სამბისტთა ნაკრებს და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი, მათ შორის - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ბაინდურაშვილი გახდა, რომელმაც 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსი ედუარდ კურგინიანი დაამარცხა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი,ვერცხლის მედალი ლევან ჟორჟოლიანმა მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლები ერგოთ ნუკრი ბერაიას (52 კგ), ბესო ბერულავას (74 კგ), ნიკოლოზ კუციას (82 კგ) და ქალ სამბისტ ირინე ლეონიძეს (80 კგ). ექვსი მედლით საქართველოს ნაკრებმა, რუსეთისა და მასპინძელი ბელარუსის შემდეგ მესამე გუნდური ადგილი დაიკავა .

















