„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ არაგეგმიურ საგადასახადო შემოწმებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა.
„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პირების მიერ, საჯაროდ გაჟღერდა ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდება. იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წერილობითი განცხადებით მიმართა ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რათა მოხდეს კომპანიის არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება. ასევე წერილობითი განცხადება გაეგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (გენერალურ აუდიტორს), რათა მოხდეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერების დადგენა“ - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს ასევე მიმდინარე პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, „თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებისაგან.“

















