ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ახალი საკონკურსო განაცხადების წარდგენას ეძღვნება.
როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის განათლების აღმასრულებელი სააგენტოს ტემპუსის პროგრამის დირექტორი კლაუს ჰაუპტი და საქართველოში „ტემპუსის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
„Tempus“-ის პროგრამა ქართულ უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავონ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და განახორციელონ უმაღლესი განათლების რეფორმა ბოლონიის პრინციპების შესაბამისად. პროექტების მოცულობა 0,5–1,5 მილიონ ევროს შორის მერყეობს.
შეხვედრას ევროკავშირის განათლების აღმასრულებელი სააგენტო „ტემპუსის“ ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აწყობს.
საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

















