თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით,   ყვითელი ავტობუსების მძღოლებისთვის  ხელფასების ზრდა მიმდინარე  წელს  შეუძლებელია.   
„თბილისის სატრანპორტო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტიდან  45 მილიონი  ლარით ფინანსდება. წელს ფზიკურად შეუძლებელია ხელფასების ზრდა, ხოლო რაც შეეხება მომავალ წლისთვის  ხელფასების გადახედვას,  ეს დამოკიდებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერზე.
 
როგორც ცნობილია ამ ეტაპზე საუბარია თბილისის ბიუჯეტის 100  მილიონი ლარით შემცირებაზე.  ყველაფერი გაირკვევა  დეკემბრის ბოლოს ანუ მას შემდეგ რაც დამტკიცდება თბილისის ბიუჯეტი.  ამის შემდეგ  ჩვენ   შესაძლებლობა მოგვეცემა გადავხედოთ, თითოეული მძღოლის ხელფასის  საკითხს“-ნათქვამია ჯოხაძის განცხადებაში.
მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი გაფიცულ მძღოლებს მუშაობის აღდგენისაკენ მოუწოდებს, რათა თბილისელებისათვის თავიდან იქნას აცილებული გადაადგილებასთან  დაკავშირებული  პრობლემები.
 შეგახსენებთ, რომ თბილისში ავტობუსის მძღოლები დღეს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. 
გაფიცულებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული და მის დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
მძღოლების ძირითადი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატებაა.
როგორც მძღოლები აცხადებენ, გაფიცვა გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












