საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მოსამზადებელი სამუშაობი დაიწყო.
კომისიამ ფიქსირებული ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესყიდვაზე ტენდერი 2012 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბრიტანული კომპანია “Red-M Wireless Limited” გამოცხადდა, რომელიც მონიტორინგს “Epitiro”–ს მოწყობილობებითა და დანერგილი მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს. ამავე წლის 2 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. 
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ხელშეკრულების თანახმად, სამწლიანი პროექტის ფარგლებში  კონტრაქტორი კომპანია იღებს ვალდებულებას საქართველოს სამ მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში,  ჩატარდეს ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. კვლევის ჩასატარებლად ასევე შეირჩევა სამი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერის „კავკასუს ონლაინის“, „სილქნეტის“ და „ახალი ქსელების“ აბონენტები.
მონიტორინგის პროცესში ჩართული იქნება და საცხოვრებელ ბინებში სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟდება იმ 400 აბონენტებთან, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი შეთავაზებებით შ.პ.ს. „კავკასუს ონლაინი“  (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი)- პაკეტი „კარგი“ (5MB),  პაკეტი „უკეთესი“ (22 MB), სს „სილქნეტი“ (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი) – „სტარტი“ (5MB),  „დრაივი“ (10 MB), სს „სილქნეტი“ (DSL ქსელი)  – „მინი“ (1MB),  „ეკონომი“ (2 MB) და შ.პ.ს. „ახალი ქსელები“ (DSL ქსელი) – „მინიმალი“ (1.5 MB), “სტანდარტი“ (2MB).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კვლევის დაწყება საზოგადოებაში ინტერნეტ პროვაიდერების მიმართ გაჩენილი უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა. კომისიის ოფიციალურ “Facebook” გვერდზე და ასევე, კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ხშირი იყო ინტერნეტ პროვაიდერების მომსახურების ხარისხით და ამ მომსახურებისთვი დაწესებული ტარიფით უკმაყოფილო აბონენტების საჩივრები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












