ზამთრის პერიოდში დასუფთავების გადასახადი განახევრდება. აღნიშნული მოდელი თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
შემცირებული ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს, რომლის დროსაც დასუფთავების გადასახადი ყოველ დახარჯულ ერთ კილოვატსაათზე 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრი იქნება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის. შესაბამისად, ისინი უკვე განახევრებული ტარიფის ნახევარს გადაიხდიან.
საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, გადასახადის განახევრებას მიესალმება, თუმცა, ის მოსახლეობის შეღავათისთვის სრულიად არასაკმარისია.
მისი თქმით, ერთიანი ქვითრის გაუქმება აუცილებელია.
ამასთან, დასუფთავების გადასახადის განახევრების შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს ანტიკონსტიტუციურ გადაწვეტილებას.
მისი თქმით, სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ის პარტიები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე აღნიშნულ გადასახადს აპროტესტებდნენ დღეს მსგავს გადაწყვეტილებაზე თვალს დახუჭავენ.
კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის შესახებ სარჩელის განხილვის დაჩქარებისთვის აუცილებლად მიმართავს.

















