რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი 28 ოქტომბერს დაძაბულ ავტოშეჯიბრს უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან აცნობეს, 28 ოქტომბერს ფინალური რბოლა საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლასში გაიმართება. ესენია: „ლეგენდსი“, „ფორმულა ალფა“, „GTUnlimited“ და მონო კლასი (ტურინგი).
ფინალური შეჯიბრი კლასების მიხედვით 13:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ქართველი, რუსი, ბელორუსი და პირველად ნაციონალური ავტოსპორტის ისტორიაში, ფინელი ავტომრბოლელები დაუპირისპირდებიან.
რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, ფინეთიდან შეჯიბრში ავტომრბოლელები - ჯანი კუივალა და ნიკო ლედერბერგი, რუსეთიდან კი რუსეთის ჩემპიონი და ფინეთის „ფორმულა 3“-ის ვიცე-ჩემპიონი ვიქტორ შაიტარი და არტემ კაბაკოვი.
საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე ევროპის „ლეგენდსის“ თასის გამარჯვებული დავით ქაჯაია, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი მევლუდ მელაძე და ავტოდრომის მფლობელი, გამოცდილი მრბოლელი შოთა აფხაზავა და სხვა უძლიერესი მრბოლელები იასპარეზებენ.
„კვირას იმართება ჩემპიონატის რიგით მეშვიდე, ანუ დასკვნითი ეტაპი, სადაც გადაწყდება საქართველოს ჩემპიონის ბედი. საქმეს ართულებს და თან ამშვენებს ის ფაქტი, რომ ფინელი რუსი და ბელორუსი მრბოლელებიც შემოგვიერთდნენ. ეს ერთგვარი დაზვერვაა 4 ნოემბერს დაგეგმილი საერთაშორისო შეჯიბრისთვის, სახელწოდებით "Rustavi Challenge" სადაც იმდენი უცხოელი მრბოლელი ჩამოდის, რომ სასტარტო ზოლზე ძლივს გვყოფნის ადგილი. მოკლედ, გულშემატკივარმა განსაჯოს ჩვენი მრბოლელების დონე როგორც ფორმულაში, ასევე ლეგენდის და ძარიანი ავტომობილების კლასში“ - აცხადებს რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრს "Rustavi Challenge", რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება, მასში მონაწილეობაზე განაცხადები 24-მა უცხოურმა ეკიპაჟმა გააკეთა, მათ შორის არიან შვედები, გერმანელები, რუსები, ბელორუსები, სომხები, უკრაინელები, ესპანელები.

















