აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს მიმართავს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში გახშირდა დროებით გამოთავისუფლებულ შენობებში სოციალურად დაუცველებისა და დევნილების შეჭრის შემთხვევები.
ამასთან, საბჭოში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გაგებით ეკიდება გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, მრავალი წლის მანძილზე უბინაოდ დარჩენილი დევნილების პრობლემებს, მაგრამ შენობების სპონტანურად დაკავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს აფხაზეთიდან დევნილებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან
„მოვუწოდებთ აფხაზეთიდან დევნილებს, თავი შეიკავონ მსგავსი ნაბიჯებისაგან, არ აყვნენ ცალკეულ პირთა პროვოკაციულ მოწოდებებს, პირველ რიგში იხელმძღვანელონ იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით მოსული ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დევნილების სოციალური ყოფის, მათ შორის საბინაო საკითხების მოგვარებაზე ზრუნვას მიიჩნევს. ამიტომაც ხელს ნუ შევუშლით ახალ ხელისუფლებას ამ საკითხების სამართლიანად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების სრული დაცვით განხილვასა და გადაჭრაში“ - ნათქვამია მიმართვაში.

















