საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოკი იონათამიშვილის განცხადებით, დასუფთავების გადასახადის გაიაფებასთან დაკავშირებით საკრებულოსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგება არ შემდგარა.
როგორც მან თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი ამოცანა მოსახლეობისთვის დასუფთავების გადასახადის გაიაფება იყო.
„თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ დასუფთვების გადასახადი მომავალი თვიდან 5 თვის განმავლობაში 2-ჯერ ნაკლები გადაიხადოს. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ პირებს შეუნარჩუნდებათ ის 50%-იანი შეღავათი, რაც არსებობდა. შესაბამისად, უკვე განახევრებული ტარიფის ნახევარს გადაიხდიან“ - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, დასუფთავების გადასახადის განახევრება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება.
იონათამიშვილის განცხადებით, დასუფთავების გადასახადის მოდელების განხილვისას გაითვალისწინეს, რომ ის თბილისელებისთვის რაც შეიძლება ნაკლები ტვირთი ყოფილიყო და ასევე, რომ სისტემა არ ჩამოშლილიყო და არ დარღვეულიყო.
„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მრავალი განცხადებისა, მათ ვერცერთი კონკრეტული მოდელი ვერ წარმოადგინეს, რომელიც ამ ორივე ამოცანას დააკმაყოფილებდა“ - აღნიშნა მან.
იონათამიშვილის განცხადებით, ფიქსირებული გადასახადის შემოღება სოციალურად რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის არანაირ შეღავათს არ გამოიწვევდა და სარგებელს მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე აბონენტები მიიღებდნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ დასუფთავების გადასახადის სისტემის შენარჩუნებისას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შორის გარიგება შედგა. შესაბამისად, საზოგადოებას გადასახადის გადახდა ისევ ძველი მეთოდით მოუწევს.

















