კომუნიკაციების ეროვნული კომისია 23 ოქტომბერს შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სამაუწყებლო ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ შპს „სტერეო +“-ს დირექტორის დავით
ზილფიმიანის მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს ეხმაურება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომისია ირაკლი ჩიქოვანის თავმჯდომარეობის დროს დაკავებული იყო მხოლოდ სანქცირებებით, მაშინ, როდესაც კომისიის ძირითადი ფუნქციაა დახმარების აღმოჩენა როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის.
კომისია განმარტავს, რომ ზილფიმიანის აღნიშნული განცხადება ტენდენციურია, რადგან კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს, სადაც მოცემულია კომისიის საქმიანობის ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კომუნიკაციებში აღნიშნავენ, რომ კომისიის გადაწყვეტილებების მარტივი სტატისტიკური ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ კომისიას გაცილებით მეტი უფლებააღმჭურველი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ვიდრე სანქცირების. თავად სანქციის გამოყენება, კი ერთი მხრივ, ემსახურება დარგში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფას და მეორე მხრივ, ატარებს სამართალდარღვევის პრევენციის ფუნქციას.
დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აცხადებდა, რომ მისთვის პრობლემური გახდა კომისიასთან ურთიერთობა ირაკლი ჩიქოვანის თავმჯდომარეობის პერიოდში, რასაც კომუნიკაციების კომისია ტენდენციურ შეფასებად მიიჩნევს.
„ბატონ დავით ზილფიმიანს არასდროს შექმნია პრობლემა კომისიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც ოფიციალური (კომისიის სხდომებზე დასწრება) ისე საქმიანი (კომისიის შესაბამის დეპარტამენტებთან საკონსულტაციო შეხვედრები) და მისი პირადი მოთხოვნით, კომისიის სრულ შემადგენლობასთან ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზების კუთხით“ - აცხადებენ კომისიაში.
კომისიის ინფორმაციით, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ კომისიამ „უკანონოდ“ მოახდინა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ლიცენზიის მოდიფიცირება, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლობას მე-11 სატელევიზიო არხზე; კერძოდ, შეუცვალა სამაუწყებლო ზონა და ქ.რუსთავის ნაცვლად, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონად განუსაზღვრა ქ.თბილისი, ხოლო მე-11 სამაუწყებლო არხი შეუცვალა მე-12 არხით.
კომისიის განცხადებით, რუსთავში, მე-11 სატელევიზიო არხზე მაუწყებლობას შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ახორციელებდა საქართველოს ყოფილი კავშირგამბულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1994 წლის 24 ოქტომბერს გაცემული N44 ლიცენზიით, რომელიც გაცემული იყო 5 წლის ვადით და მას მოქმედების ვადა გაუვიდა 1999 წლის 24 ოქტომბერს. ამავე დროს, შპს ტელეკომპანია „რუსთავის 2“ ფლობდა, ასევე საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 7 აპრილს გაცემულ N908 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში.
შესაბამისად, კომისიის შექმნის შემდეგ (კომისიამ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო), როდესაც საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადმოცემული დოკუმენტაციის შედეგად, კომისიამ ხელახალ რეგისტრაციაში გაატარა ლიცენზიის ყველა მფლობელი, მათ შორის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და უზრუნველყო მათ მფლობელობაში არსებული ლიცენზიების შესაბამისობა იმ პერიოდისთვის მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის“ შესაბებ საქართველოს კანონთან, კომისიის 2001 წლის 30 მარტის 194/5 გადაწყვეტილებით ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მოქმედი N908 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში. აღნიშნულ ლიცენზიას შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღესაც ფლობს, (კერძო მაუწყებლობის NB103 ლიცენზია) და იგი კვლავ ითვალისწინებს მაუწყებლობის განხორციელებას მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში.
„შესაბამისად, სიცრუეა ბატონი დავით ზილფიმიანის ბრალდება, რომ კომისიამ „უკანონოდ“ მოახდინა შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იმ ლიცენზიის (N44) მოდიფიცირება და გეოგრაფიული არეალის შეცვლა, რომელსაც შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ კომისიის შექმნის დღისთვის აღარ ფლობდა“ - აცხადებენ კომისიაში და აღნისნავენ, რომ რაც შეეხება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მფლობელობაში არსებულ კერძო მაუწყებლობის NB9 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო საერთო ტელემაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, 31 გადამცემის გამოყენებით, აღნიშნული ლიცენზია შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აიღო ღია კონკურსის წესით და აღნიშნული ფაქტის თაობაზე ცნობილია დავით ზილფიმიანისთვის.
მათივე ინფორმაციით, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომისია არაეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას და ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ როდესაც შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შეექმნა პრობლემები საეთერო ხელშეშლებთან დაკავშირებით და მიმართა კომისიას, კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში უპასუხოდ დატოვა შპს წერილი და მასზე არ მოახდინა რეაგირება.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, დავით ზილფიმიანს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს არასწორ და მცდარ ინფორმაციას, ვინაიდნა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ საეთერო ხელშეშლების თაობაზე კომისიაში განცხადება შეიტანა მხოლოდ ერთხელ 2008 წლის 11 ნოემბერს, რასთან დაკავშირებითაც, კომისიის აპარატის რადიომონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ ხელშეშლების წყაროს წარმოადგენდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რადიოკავშირის რეტრანსლიატორი, რომელიც გამოსული იყო მწყობრიდან და მუდმივად ასხივებდა გადამტან სიხშირეს არათანაბრად ცვლადი სიხშირით. კომისიის მოთხოვნისთანავე საელჩოს წარმომადგენლებმა მწყობრში მოიყვანეს რადიოაპარატურა და რადიოხელშეშლებიც შეწყდა. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (23.12.2008 N06/3067-08).
ამავე დროს, როდესაც შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ განცხადებით მიმართა კომისიას მის მფლობელობაში არსებული კერძო საერთო მაუწყებლობის NB23 ლიცენზიის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონოდა ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაევრცელებინა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყო ლიცენზიის მოდიფიცირება და გადაწყვეტილება ნაცვლად იმისა, რომ ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში მიეღო, ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღო;
კომუნიკაციების ეროვნული კომისია დავით ზილფიმიანს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს არასწორი, ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან.

















