პარტია „სოციალ-დემოკრატები“ გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა
გელა ბანძელაძემ განაცხადა, ბოლო დროს დაწყებული მუშათა გაფიცვები შემთხვევითი არ არის და შრომითი დავების გააქტიურების მიზეზი ხელისუფლების ცვლილების არსებული რეპრესიული სისტემის დანგრევაში მდგომარეობს.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ეს პროცესები აღქმულ იქნას, როგორც ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო გაფიცვებად, რადგან გაუსაძლისი სამუშაო პირობები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, ხოლო „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ მუშები წნეხისგან გაათავისუფლა და მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა.
„სოციალ-დემოკრატები სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს და დასაქმებულებს ჭიათურაში, ტყიბულში, ზესტაფონში, „ბორჯომში“, და „საქართველოს რკინიგზაში“. ამ გადამწყვეტ მომენტში ისინი ღირსეულად დგანან საკუთარი ღირსების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე“ - განაცხადა გელა ბანძელაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ არაერთხელ საჯაროდ გაცხადებული პოზიციებიდან აშკარაა, რომ ახალ ხელისუფლებას შრომის კოდექსის ცვლილების სურვილი და მზაობა აქვს, გარდა ამისა, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „სოციალ-დემოკრატებს“ საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ.
„სოციალ-დემოკრატები“ ჩვენი საპარლამენტო მოღვაწეობის უმთავრეს და უახლოეს პრიორიტეტად სწორედ ღირსეული შრომის კოდექსის შექმნას მივიჩნევთ. ამ პროცესში გვინდა აქტიურად ვითანამშრომლოთ მშრომელებთან, ადამიანებთან ვისაც უშუალოდ ეხება ქვეყანაში არსებული უსამართლობა“ - აღნიშნა ბანძელაძემ და დასძინა, რომ წარმატებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ მათი პირდაპირი მონაწილეობითაა შესაძლებელი.
პარტია მოუწოდებს მშრომელებს შექმნან სპეციალური ჯგუფები თავის სამსახურებში, რომლებიც პირდაპირ დაუკავშირდებიან პარტიის ლიდერს გია ჟორჟოლიანს და მასთან ერთად საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში ჩართვებიან.
ამასთან, ბანძელაძის განცხადებით, აღნიშნული ბრძოლა არ შემოიფარგლება ახალი შრომის კოდექსის შექმნით, რადგან გია ჟორჟოლიანი პარლამენტში ყველა მშრომელის პირდაპირი და უშუალო წარმომადგენელი იქნება.

















