თბილისის მერიასთან შეკრებილმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს და გურამიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „გურამიშვილთან“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში შესვლას გეგმავენ.
ამასთან, უკვე დასრულდა მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან მამუკა ქაცარავასთან აქციის მონაწილეთა შეხვედრა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნინო მაისურაძემ განაცხადა, ქაცარავასთან შეხვედრის დროს შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საბინაო ფონდი შეიქმნება, რომელიც მრავალსართულიანი ბინების მშენებლობას დაგეგმავს.
მისი თქმით, პროექტში არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, სპეციალური საინიციატივო ჯგუფი ჩაერთვება, რომელიც სამი სოციალურად დაუცველი პირისგან დაკომპლექტება.
„მივესალმებით ამ პროგრამას. ახლა მთავარია, რომ მთავრობამ ამ პროექტს მხარი დაუჭიროს და დააფინანსოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი საცხოვრებელი ბინები 6 თვეში აშენდება და ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ნინო მაისურაძემ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მერიაში მათი საცხოვრებელი პირობების შემოწმების მოთხოვნით განცხადება დიდი ხნის წინ შეიტანეს, თუმცა, მერია 2006 წლიდან ამ პრობლემებით არ დაინტერესებულა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ქირით ცხოვრობენ, რომლის გადახდაც უჭირთ. შესაბამისად, ბინებით დაკმაყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქირის გადახდას ითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეთა მტკიცებით, მერიასთან შეკრება ვინმეს მიერ ორგანიზებული არ იყო. მათ თვითონ გადაწყვიტეს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად აქციის მოწყობა.
ამ დროისთვის თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველთა მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

















