ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ ბრიტანეთის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ დოელისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.
როგორც თსუ-ს პრესსამსახური იუწყება, დოელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. სწრედ ის იყო პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი, რომლითაც წელს თსუ-ს სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ ევროკომისიის ტემპუს/ტასისის 3 წლიანი გრანტი მოიპოვა.
თსუ-სა და შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, თსუ-ს სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის სოციალური ზრუნვის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვოს.
თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, მარკ დოელის ძალისხმევით საქართველოში დაარსდა ინგლისურენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „სოციალური მუშაობა და სოციალური პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში“, რომელიც ამ პროფილის და სტატუსის ერთადერთი ჟურნალია სოციალური მეცნიერებების სფეროში. ამასთან, დოელი საქართველოში ახალი დარგის - სოციალური მუშაობის ფუძემდებელია.

















