პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარანტია მან ახალი მთავრობის მინისტრობის რამდენიმე კანდიდატისგან მიიღო.
როგორც პეტრიაშვილმა „თელასის“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, არსოშვილისა და მის მიერ მოყვანილი თანამშრომლების კომპანიიდან წასვლის შესახებ გარანტია, „თელასის“ პროფკავშირის თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანისგანაც მიიღო. ღონიაშვილმა ამ მოთხოვნით დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა.
მანუკიანი გუშინ მოსკოვში წავიდა, სადაც კომპანია „ინტერ რაო ეესის“ მმართველი საბჭო არსოშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხს განიხილავს.
მისი თქმით, მანუკიანთან მოლაპარაკების შედეგად ადგილიდან დაიძრა კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების საკითხი, რომელსაც სპეციალური კომისია შეისწავლის.
პეტრიაშვილმა „თელასის“ გაფიცულ თანამშრომლებს აქციის დამთავრებისა და ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ ხალხს სამსახურებში დაბრუნდნენ, რათა თბილისის მოსახლეობას რაიმე შეფერხება არ შეექმნას და მავანთ არ ათქმევინონ, რომ აქამდე შუქი იყო, ახლა თქვენ მოხვედით და შუქი ქრებაო“-განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიღებული გარანტიები არ შესრულდა, აქციები ფართო მასშტაბებს მიიღებს და თავად ის, შიმშილობას დაიწყებს.
„თელასის“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეების უმრავლესობა დაიშალა, ვანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„თელასის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი კი, სამი დღე შიმშილობდა. აქციის წევრთა მოთხოვნაა ზურაბ არსოშვილის გადადგომა, გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება, გაყინული პრემიების გაცემა და პირობების გაუმჯობესება.

















