საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრების ალექსანდრე
შალამბერიძისა და გია ყრუაშვილის ბრალდებებს უარყოფს. „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა პეტრიაშვილი საბოტაჟში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, არეულობის მოწყობას ცდილობს.
პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალამბერიძისა და ყრუაშვილის განცხადებას არასერიოზული, ხოლო პირადად მათ, პოლიტიკური მიცვალებულები უწოდა.
„1 500 კაცის გაფიცვა პეტრიაშვილის სიტყვაზე არ არის დამოკიდებული. შალამბერიძის და ყრუაშვილის ამ განცხადებაზე ქართული ფილმიდან ერთი ეპიზოდი „მიცვალებული ადგა“ მახსენდება. მე მათ არ ვცნობ პოლიტიკოსებად, რადგან ისინი ცრუპენტელები და პოლიტიკური მიცვალებულები არიან“ - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ მაშინ, როდესაც პროფკავშირები შრომის კოდექსის შეცვლას ითხოვდნენ, ალექსანდრე შალამბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ხოლო ყრუაშვილი - რკინიგზაში მუშაობდა.
„ყრუაშვილმა, რომელიც რკინიგზაში მუშაობდა, კარგად უნდა იცოდეს როგორია იქ არსებული მდგომარეობა, იგი ნარკომანივით მონატრებულია პრესას, ტელევიზიას და ცდილობს ყურადღების მიპყრობის მიზნით, სკანდალური განცხადებები გააკეთოს“ - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ რიგითი რკინიგზელის ხელფასი 350 ლარია, ხოლო მაღაროელის - 400 ლარი.
როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ განაცხადა, მათი პროტესტი გულწრფელია და პროფკავშირები აქციებისა და გაფიცვების მხოლოდ ნაწილის ორგანიზებას ახდენს.
მისი თქმით, ამ დროისთვის გაერთიანებულ პროფკავშირებში 457 სხვადასხვა საწარმოდან და ორგანიზაციიდან მიღებული განცხადებაა შესული, რომლებიც პროფკავშირების დახმარებას ითხოვენ.
ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში დღემდე „დასარქველებული უუფლებობა“ სუფევდა და ამ ყველაფერმა მას შემდეგ იფეთქა , როცა ხალხს თავისუფლების შეგრძნება დაუბრუნდა.

















