არასამთავრობო ორგანიზაციის - „მე დავბრუნდები“ დამფუძნებლები გიორგობის დღესასწაულზე მსოფლიოს სამ ქვეყანაში, ქართველი
ემიგრანტი დედებისთვის საქრთველოდან თავიანთი შვილების ჩაყვანას გეგმავენ.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ბავშვები იტალიაში, საბერძნეთსა და აშშ-ში დედებთან ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
მათივე თქმით, აღნიშნულ აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება, შესაბამისად, გიორგობის დღესასწაულზე ან ახალი წლისთვის, ორგანიზაცია აღნიშნულ სამ ქვეყანაში 10-10 კაცაინ ჯგუფებს წაიყვანს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ლიპარტელიანის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების 80% არალეგალია შესაბამისად, მათ შვილები 8-9 წელია არ უნახავთ.
„ჩვენი ორგანიზაცია დედებს დაეხმარება, რომ თავიანთი შვილები ნახონ, რადგანაც მათ შვილების გაზრდა ფაქტობრივად „სკაიპის“ მეშვეობით უწევთ. საქართველოდან ბავშვების ჩაყვანა თვითდაფინანსებით მოხდება და მათი მგზავრობის ხარჯებს დედები თავად აანაზღაურებენ“ - განაცხადა ლიპარტელიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევში, თუკი ქართველი დედები იმ თანხის ნახევარს მაინც მიიღებენ საქართველოში, რასაც უცხოეთში უხდიან, სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან.
საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ დაარსეს. ორგანიზაციის მიზანი ქართველ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება და მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვაა.

















