რუსულენოვანი ტელეარხის „პირველი კავკასიურის“ მაუწყებლობის გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა, ახსნა-განმარტებების გაკეთების მიზნით საბჭოს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ მიმართა.
„თუ რა განმარტებებს გააკეთებს გენერალური დირექტორი ან რა გადაწყვეტილება მოჰყვება საბჭოს მხრიდან ამას, ჯერ ვერ გეტყვით“ - განაცხადა გახელაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას გადაწყვეტილებით, „პიკის“ მაუწყებლობა 20 ოქტომბერს შეწყდა და ამის მიზეზად „პიკის“ მიერ მაუწყებელთან შეუთანხმებელი მოქმედებები და ხელშეკრულების პირობების დარღვევა დაასახელა.
თავის მხრივ, არხის თანამშრომლები კონტრაქტის პირობების დარღვევასა და სახსრების გახარჯვაში ადანაშაულებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას.
ამ საკითხზე დღეს ქუთაისში, პარლამენტთან, „პიკის“ თანამშრომლების აქცია გაიმართება.

















