საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში შედგება.
როგორც მან ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბრის ძირითადი თემა საგარეო კურსის გაგრძელება იყო.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც აქამდე კეთდებოდა გაგრძელდება და „ქართული ოცნება“ მხოლოდ გააღრმავებს ამ ურთიერთოებებს.
„ჩვენ იმ კალენდარს მივყვებით, რომელიც აქამდე იყო შედგენილი. არაფერი არ გადაიწევს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც დაგეგმილი იყო.
გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ალბათ ძალიან მალე ესტუმრება ბრიუსელს, ეს იქნება, სავარაუდოდ, ნოებრის მეორე ნახევარში“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ. მათ მმართველ გუნდთან შეხვედრები გამართეს და ბიძინა ივანიშვილის დებატებს დაესწრნენ.

















