„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა დღეს ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ ლომიძემ განუცხადა, გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.
მისი თქმით, გაფიცვა სამტრედიის კვანძზე მოხდა. კერძოდ, სამტრედიაში 5, ხოლო რიკოთის უღელტეხილზე, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე 4 სატვირთო მატარებელი გაჩერდა.
„რკინიგზის თანამშრომლებს გრაფიკი გათვლილი ჰქონდათ, იმისთვის, რომ რკინიგზას ზარალი არ მიეღო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ დაჩქარდეს ის პროცესები, რაც რკინიგზის მუშაობისთვის უკეთესი იქნება“ - განაცხადა ლომიძემ.
მისი თქმით, გაფიცვები იძულებითი მეთოდია, ამიტომ უმჯობესია მათი პრობლემები დიალოგის გზით გადაწყდეს.
„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასთან დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით. ნაწილი ჩვენი მოთხოვნებისა გადაწყდა. ალბათ მივაღწევთ, რომ ის საკითხები, რაც დაყენებული გვაქვს ნორმალურად გადაწყდეს“ - განაცხადა ლომიძემ.
მისი თქმით, რკინიგზელები ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილებზე ინვენტარის შეტანას, სამუშაო იარაღებითა და სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციამ რკინგზელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელს 30 ნოემბრიდან ხელფასები გაეზრდება. აღნიშნული პერიოდიდან მემანქანეს - 1 250 ლარი, მემანქანის თანაშემწეს - 900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსებს - 2 500, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეებს - 900 ლარი ექნებათ, სხვა ყველა დანარჩენ სადგურებზე მუშაობის მოცულობიდან გამომდინარე ხელფასები სადგურის უფროსებისთვის - 900-დან 1800 ლარამდე, ხოლო სადგურის მორიგეებისთვის - 750-დან 900 ლარამდე შეადგენს.
ამასთან, ადმინისტრაციამ რკინიგზის თანამშრომლებს რადიკალური ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

















