კომპანია „თელასის“ პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით, მეორე დღეა შიმშილობს.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ არსოშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას არ მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნით, ხვალ „თელასის“ ცენტრალური ოფისის წინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
„ვნახოთ, იქნებ ჩვენს მოთხოვნებზე დაგვთანხმდნენ. ხვალ აქცია ყველა შემთხვევაში გაიმართება. თუ არსოშვილი გადადგა, შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებებს ერთობლივად მივიღებთ“ - განაცხადა ღონიაშვილმა.
მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე „თელასის“ ყველა სერვისცენტრის თანამშრომელი აპირებს მისვლას.
„უბრალოდ, რადიკალური ნაბიჯები მაინც არ გვინდა, მაგრამ ეს აქცია მთელი „თელასის“ მასშტაბითაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს ყურადღებას აუცილებლად მივაქცევთ“ - განაცხადა მალხაზ ღონიაშვილმა.
მალხაზ ღონიაშვილმა შიმშილობა 22 ოქტომბრის საღამოს, „თელასის“ ოფისის წინ გამართული საპროტესტო აციის შემდეგ დაიწყო.
„თელასის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. ისინი „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას, ხელფასების ზრდას და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ.
ამასთან, ზურაბ არსოშვილმა გუშინ კომპანიის გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა.

















