საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი და რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა
„იმედის“ ხელმძღვანელობისგან მისთვის ტელეკომპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დირექციის ხელმძღვანელის პოსტის შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და აღნიშნულ საკითხზე არც კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე, მეც მხოლოდ ინფორმაცია მაქვს და მეტი არაფერი. ამ თემაზე შეხვედრა არავისთან მქონია“ - აღნიშნა ცანავამ და დასძინა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შეთავაზების შემდეგ მიიღებს, თუ ის იქნება.
ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე დღის წინ მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა, რის შემდეგაც არხი გენერალურმა დირექტორმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ დატოვა. „იმედიდან“ წავიდა ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე. გავრცელებული ინფორმაციით, „იმედზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დირექციის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ხელმღვანელადაც ბაია ცანავა ინიშნება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „იმედის“ დირექტორის თანამდებობას ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილი დაიკავებს.
ტელეკომპანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა „იმედი“ მაღალპროფესიული და ობიექტური არხი იყოს.

















