საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე შეთავაზების მიღების ფაქტს უარყოფს.
როგორც მან ტელეკომპოანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნებისგან“ არანაირი შეთავაზება არ მიუღია და მათთან არც პოლიტიკური კონტაქტები აკავშირებს.
„არანაირი შემოთავაზება არ მქონია. არც პოლიტიკური კონტაქტები მაქვს ვინმესთან, თუ არ ჩავთვლით ადამიანურ კოტაქტებს, რადგან ჩემი ძმა „რესუბლიკური პარტიის“  წევრია“ - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა და მაშინაც თავის შეფარების მიზნით.
ხაინდრავას განმარტებით, 24 სექტემბერს მას ე.წ. ზონდერებით სავსე 4 მანქანა მისდევდა და „ქართული ოცნების“ ოფისთან შემთხვევით მოხვდა. 
„ზონდერებით სავსე 4 მანქანა მომდევდა, ჩემ დაპატიმრებას აპირებდნენ და ერთადერთი, რაც მოვახერხე საპატრიარქოსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ გზაზე ავედი მანქანით. იქ გადმოვხტი და მივხვდი, რომ ერთადერთი, სადაც თავის შეფარება შეიძლებოდა, „ქართული ოცნების“ ოფისი იყო“ - განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ კოალიციის წევრებთან საქმიანი და ოფიციალური შეხვედრა არასდროს ჰქონია.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ამომრჩეველთა ლიგამ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად გამოცხადდა, ყოველგვარი პოლიტიკური კონტაქტების დამყარება მისი მხრიდან მიუღებელია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












