კომპანია „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით მშრალი შიმშილობა დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონიაშვილმა განუცხადა, ის „თელასის“ ცენტრალურ ოფისში გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ გუშინ საღამოდან შიმშილობს.
მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არსოშვილისა და მისი გუნდის „თელასიდან“  წასვლამდე არ აპირებს.
„მანამ ვიშიშილებ, სანამ არსოშვილი არ გადადგება. კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს შიმშილობა შეწყვიტე, დრო მოგვეცით, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ და გადავწყვიტოთო. ჩვენ კი გვეჩქარება, რომ არსოშვილი წავიდეს, ამიტომ შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განვაცხადე“ - აღნიშნა ღონიაშვილმა.
მისი თქმით, 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე „თელასის“ ცენტრალური ოფისის წინ ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი.
„თელასის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. ისინი „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას, ხელფასების ზრდას და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ.
ამასთან, ზურაბ არსოშვილმა გუშინ კომპანიის გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












