შრომითი დავების დარეგულირებასთან დაკავშირებით „თელასი“ კომპანიის პროფკავშირებთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, მხარეები თანამშრომელთა ხელფასების ფორმირების მექანიზმს, აბონენტთა მომსახურების ცენტრებში ღამის საათებში და დასვენების დღეებში მორიგეობის ანაზღაურების ფორმას, ივნის–აგვისტოს პერიოდში პრემიების გადახდის საკითხს, ასევე, 2012 წლის მეორე ნახევარში გათავისუფლებული თანამშრომელთა სამსახურში აღდგენის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ.
„თელასის“ ინფორმაციით, კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და შეხვედრების ჩატარების შემდეგ, „თელასის“ ხელმძღვანელობამ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა, რომლებიც პრემიების გაცემის წესს, ღამის საათებში და დასვენების დღეებში მუშაობისთვის კომპენსაციის განსაზღვრის სისტემას შეეხება. 
კერძოდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანია თანამშრომელთა პრემირების ადრე არსებულ სისტემას უბრუნდება. ასევე, მოხდება ივნის–აგვისტოში გაცემული პრემიალური თანხების გადახედვა.
„პროფკავშირებთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგებს თანამშრომლებს ვაცნობებთ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა. 
„თელასის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. ისინი „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას, ხელფასების ზრდას და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












