კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აფხაზეთიდან დევნილთა აქცია მიმდინარეობს. ისინი ახალი მთავრობისგან დევნილთა  
და განსახლების მინისტრად არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის“ თავმჯდომარის ლელა გულედანის დანიშვნას მოითხოვენ. 
როგორც დევნილები აცხადებენ, გულედანი თავადაც სოხუმიდან დევნილია, კარგად იცნობს დევნილთა პრობლემებს და წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა მათ ინტერესებს.
„ჩვენ მოვითხოვთ ახალმა მთავრობამ დევნილთა და განსახლების მინისტრად ლელა გულედანი დანიშნოს. თუ ეს არ მოხერხდება, მინისტრის მოადგლედ იქნას წარდგენილი“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ია შონიამ.
გარდა ამისა, დევნილები ახალი მთავრობისგან მოითხოვენ შეიცვალოს წინა მთავრობის მიერ 2007 წელს შემუშავებული სტრატეგია, რომლის თანახმად, თბილისში მცხოვრები დევნილების გადასახლება დასავლეთ საქართველოს რაიონებში უნდა მოხდეს.
აქციის მონაწილეთა ცნობით, ისინი ამჟამად თვითნებურად დაკავებულ შენობებში ცხოვრობენ და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გამოყოფას ითხოვენ.
დევნილები აღნიშნული მოთხოვნებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართავენ. 
                
                          
                        
                        
                        
                               
                         
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












