ყოველწლიური მუსიკალური პროექტი „თბილისი Newcomers“ 26 ოქტომბერს რკინის დარბაზში (რკინიგზელთა სასახლე) ჩატარდება.
როგორც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პროექტში მონაწილეობას 10 ახალბედა მუსიკალური ჯგუფი მიიღებს.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, „თბილისი Newcomers“ სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის მუსიკოსებს აერთიანებს, რაც შოუს უფრო  საინტერესოს და ეფექტურს ხდის.
პროექტის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ჯგუფებიდან ლაივ შოუქეისზე მოსასმენად 20 ბენდი შეირჩა, 19 არტისტი კი, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა - არჩილ გულედანმა, ბექა ჯაფარიძემ, ვახო ბაბუნაშვილმა აარჩიეს. ერთი ჯგუფი ხალხის რჩეული სოციალურ ქსელებში ე.წ. like-ების საშუალებით გახდა.
ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, „თბილისი Newcomers“ პირველად 2009 წელს ჩატარდა. ოთხი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა მუსიკოსმა გამოთქვა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












