„საქართველოს და რუსი ხალხების ერთიანობის“ ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვის საკითხში თანადგომას ითხოვს.
ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და კულტურის მინისტობის კანდიდატის გურამ ოდიშარიასადმი ხომერიკის მიმართვაშია ნათქვამი.
ხომერიკის განცხადებით, მსგავსი მუზეუმების გახსნა და ფუნქციონირება არათუ გაუმართლებელია, არამედ ქართულ-რუსული ურთიერთობისთვის უსაზღვრო ზიანი მოაქვს, რომელიც შესაძლოა, შემდგომში უთანხმოების მიზეზი გახდეს.
„რუსეთში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ მუზეუმების დახურვას მიესალმება და ამას მიიღებენ როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოებრივ ქმედებას - თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და პრობლემების გადაწყვეტისკენ მიმართულს“ - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
მიმართვის თანახმად, საქართველოში რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის პროცესები იწყება, რუსეთის ქართული დიასპორა კი, აღნიშნულ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოხატავს.
ხომერიკის განცხადებით, რუსეთის ქართული დიასპორა რუსეთის მისამართით მიხეილ სააკაშვილისა და „მისი მარიონეტების ცრუ და უხეშ რიტორიკას არასოდეს მიესალმებოდა“.

















