არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, პარლამენტს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას სამთავრობო კანდიდატურების განხილვისას, ყურადღება მიაქციოს ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევებს.
როგორც „გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ორგანიზაციამ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მოქმედ ზოგიერთ კომპანიასთან მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის შესაძლო კავშირის შესახებ, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.
მათი განცხადებით, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კახა კალაძე 2011 წლის მდგომარეობით კვიპროსზე რეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალ ლიმიტედის” ერთ-ერთი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
„კალა კაპიტალ ლიმიტედი” თავის მხრივ, საქართველოში რეგისტრირებულ შპს „კალა კაპიტალში” 100%-იან წილს ფლობს, ხოლო ეს უკანასკნელი კომპანია „კალა ენერჯი ენდ ნეიჩერალ რესურსის” 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის წესდების თანახმად, „კალა ენერჯი ენდ ნეიჩერალ რესურსის” საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსებია“ - აცხადებენ „გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები.
მათი თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2011 წელს კახა კალაძეს სს „საქჰიდროენერგომშენის” სააქციო კაპიტალის 45% გადაეცა.
მათი განცხადებით, კალაძე შპს „ტოტ ენერჯიში” „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის” 25-%-იან წილს ფლობს, რომლის დირექტორი მარიამ ვალიშვილია. ვალიშვილი კი, ბოლო დრომდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე იყო.
„უცნობია, შეიცვალა თუ არა ამ კომპანიების მფლობელობის სტრუქტურა ზემოხსენებული დოკუმენტების საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებიდან დღემდე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის სერიოზული საფრთხეა სახეზე. საკითხი პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატურის განხილვისას მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, პარლამენტმა მომავალში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე უნდა იზრუნოს, რომლებიც პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სათანადო გამიჯვნას უზრუნველყოფს.
კახა კალაძის დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ სს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს“ - ნათქვამია მის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „საქჰიდრომშენი“ სხვა პროექტებთან ერთად, ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც ახორციელებს.

















