კომპანია „თელასის“ ცენტრალური ოფისის წინ „თელასის“ პროფკავშირის წარმომადგენელთა გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს.  
გაფიცულები კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, „თელასის“ სათავეში არსოშვილის მოსვლის შემდეგ, თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლების იძულებას - სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ნებაყოფლობით დაეწერათ. 
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასის“ პროფკავშირის თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არსოშვილი თანამდებობას არ დატოვებს, გაფიცვა გაგძელდება, რაც მისი თქმით, „თელასის“ სრულფასოვან ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება.
„არსოშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან მან „თელასში“ მოსვლის შემდეგ, კვალიფიცურ თანამშრომლებს შანტაჟის საფუძველზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინა, მათ ადგილზე კი, ძალოვანი სტრუქტურების აბსოლუტურად არაკვალიფიციური კადრები დანიშნა“ - განაცხადა ღონიაშვილმა.
აქციის მონაწილეები ასევე, მოითხოვენ კომპანიიდან უკანონოდ გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას, ხელფასების ზრდას და კუთვნილ პრემიებს.
მათივე განცხადებით, მათ არსოშვილის მიერ მოყვანილ არაპროფესიონალ კადტებთან თანამშრომლობა უჭირთ.
„თელასის“ თანამშრომლების გაფიცვას გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
                
                          
                        
                        
                        
                               
                         
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












