პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლები „საქართველოს რკინიგზიდან“ ირაკლი ეზუგბაიას გათავისუფლებას   
და რკინიგზელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას  მოითხოვენ.
ამ მოთხოვნით „თავისუფალი საქართველოსა“ და რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენლებმა „საქართველოს რკინიგზის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია-ბრიფინგი გამართეს.
როგორც საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ ლომიძემ განაცხადა, რკინიგზაში დასაქმებული მოქალაქეები ხელფასების მომატებას, ასევე, სპეცტანსაცმლით და სამუშაო იარაღებით მომარაგებას მოითხოვენ. 
მისი თქმით, მიუხედავად ყოველწლიური ინფლაციისა, რკინიგზელთა ხელფასები უცვლელი რჩება. შესაბამისად, ზოგიერთი თანამშრომელი ხელფასის სახით საარსებო მინიმუმსაც ვერ იღებს. 
„რკინიგზაში დასაქმებულებს ელემენტარული სამუშაო პირობები არ აქვთ. სამორიგეოებში წყალი ჩადის, სადგურის ინფრასტრუქურა მოშლილია, აუტანელ მდგომარეობაშია სველი წერტილები, სადგურში არ ჰყავთ დამლაგებელი. ისინი ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელ პირობებს თხოულობენ“ - განაცხადა ჰამლეტ ლომიძემ.
მისი თქმით, ირაკლი ეზუგბაიასთვის ეს მოთხოვნები დიდი ხანია ცნობილია.
ლომიძის განცხადებით, ეზუგბაიამ რკინიგზელებს დარგობრივი შეთანხება 2010 წლის აგვისტოს ბრძანებით გაუუქმა. შეთანხმება ითვალისწინებდა ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომელთა სამუშაო პირობების, ხელფასების მომატებისა და სხვა საკითხებისთვის ყოველწლიურად გადახედვას.
„თანამშრომელთა სამუშაო პირობები არ იცვლება. დარგობრივი შეთანხმების გაუქმება კი, ცალმხრივად მოხდა რაც კანონდაrღვევა იყო“-აღნიშნა ლომიძემ. 
ამასთან, „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივნის გია ყრუაშვილის განცხადებით, რომელიც დღეიდან „საქართველოს პროფკავშირებში“ რკინიგზელთა წარმომადგენელი იქნება, მიმდინარე კვირას ირაკლი ეზუგბაიას მუშაობის პერიოდში რკინიგზაში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულებზე პროკურატურაში განცხადებას შეიტანს. 
                
                          
                        
                        
                        
                               
                         
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












