სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი გიორგი ტუღუში აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს
მას ერთდროულად ორი თანამდებობა ეკავა.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
როგორც ტუღუშმა განმარტა, სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობები ორგანული კანონის მეათე მუხლითაა განსაზღვრული, რომლის თანახმად, ომბუდსმენს უფლებამოსილება ნებაყოფლობით გადადგომის ან სხვა, შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შედეგად უწყდება.
„მე საჯარო განცხადება გადადგომის შესახებ სექტემბერში გავაკეთე, როდესაც მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე“ - აღნიშნა ტუღუშმა.
პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გიორგი ტუღუშის სახალხო დამცველის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად განცხადება არ დაუწერია.
ახალი სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანომ, შესაძლოა, მიმდინარე კვირას მინისტრთა კაბინეტთან ერთად დაამტკიოს.

















