საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის
მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ხალხის ნდობის დაბრუნება იქნება.
როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კადიდატისათვის რეგლამენტის გათვალისწინებული 20 წუთიანი გამოსვლის დროს აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ პარლამენტი  ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტადაა საჭირო მათი ინტერსების დასაცავად.
უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი როგორც ინსტიტუტი, უნდა გაძლიერდეს და დაიხვეწოს.
„არჩევნებიდან 20 დღე გავიდა და კლიმატი უკვე შეცვლილია. თავისუფლების სიომ დაჰბერა ქვეყანაში. შიში გაქრა და ხალხში იმედმა დაისადგურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან 2003 წლის „ვარდების რევოლუციად“ წოდებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსახლეობას იმედგაცრულება მოჰყვა“ - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს დაფიქრება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება წარსულის მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება.
უსუფაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების ამოცანა იქნება არ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომები. 
„უნდა მოვახერხოთ ის, რომ არ მივეკეროთ იმ სკამებს, რომლებზეც ჩვენ დავსხედით ქვეყნის სამსახურისთვის, მოვახერხოთ ის, რომ ამ სკამების გარეშე ჩვენი ცხოვრება იყოს ისეთივე წარმოდგენადი, ისეთივე საამაყო და შესაძლებელი, როგორც ამ სკამზე ყოფნისას“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა ჩადგა საკანონმდებლო ბაზით განვითარებული ქვეყნების რიგში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












