ამერიკული ცენტრი „ლანგეითი“ დღეიდან ამერიკულ საღამოებს იწყებს. როგორც „ნიუსპრესს“ „ლანგეითიდან“ აცნობეს, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ
აშშ-ში მცხოვრები ქართველები და მათი საქმიანობა ქართულ საზოგადოებას გააცნოს.
„ლანგეითის“ ინფორმაციით, ამერიკულ ცენტრში ღონისძიებები კვირა დღეს გაიმართება, რომლის ფარგლებში ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან skype-კონფერენციები, მათი შემოქმედებითი საღამოები და გაცნობითი შეხვედრები იგეგმება.
„ლანგეითში“ ამერიკული საღამოების ციკლი ნიუ-იორკში არსებულ ქართული კულტურის ცენტრის ,,Dancing Crane-Dance Studio” დამაარსებლებთან შეხვედრით გაიხსნება.
ცენტრის ხელმძღვანელები ლიკა სილერსონ-ბახტურიძე და მისი ამერიკელი მეუღლე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორ სილერსონი არიან.
სტუდია ქართული ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. ცენტრთან ასევე, არსებობს ქართული თეატრალური დასი, საბალეტო სკოლა და საბავშვო სატელევიზიო სტუდია.
„ლანგეითის“ სტუმრები სტუდიის წევრების მიერ შესრულებულ რამდენიმე ნომერს იხილავენ.

















