საქართველოში დღეიდან კლიმატის ცვლილების კვირეული იწყება. როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კვირეულს საერთაშორისო  
ორგანიზაცია MERCY CORPS და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი საზოგადოების მობილიზება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემცირების პროცესებში აქტიური ჩართვაა.
კვირეულს საქართველოში ორგანიზებას „მწვანეთა მოძრაობა საქართველო, დედამიწის მეგობრები - საქართველო“ უკვე მეოთხე წელია უწევს.
კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში, პროგრამა შვიდ ქალაქში ბავშვთა ნახატების გამოფენის - „ბუნება და ბავშვები“ მოწყობას გეგმავს.
გამოფენის დღეს, ნახატების ავტორი ბავშვები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელებით და საჩუქრებით, რომელსაც მათ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები გადასცემენ. 
ასევე, შეირჩევა სკოლები და კლიმატის ცვლილების შესახებ ადგილობრივი ცოდნის მოძიებისა და შეგროვების კამპანიის ინიცირება მოხდება.
აქტივობაში მონაწილეობას შერჩეული სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. ის ბავშვები, რომლებიც ყველაზე საინტერესო მოხსენებას და რეზულტატებს წარმოადგენენ, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. 
კლიმატი ცვლილების კვირეული 28 აგვისტოს დაიხურება.                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












