ტელეკომპანია „პიკი“ მაუწყებლობას წყვეტს. როგორც „ნიუსპრესს“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეკატერინე
კოტრიკაძემ განუცხადა, „პიკის“ სატელევიზიო სიგნალი რამდენიმე წუთის წინ გაითიშა.  
მისივე თქმით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებს  არხის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ შეატყობინა. 
კოტრიკაძე განმარტავს, რომ მაუწყებლობის შეწყვეტა „1 არხის“ მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება. 
 „მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დასაბუთებული მიზეზი არხის გამორთვისთვის. მოვითხოვთ დამოუკიდებელ აუდიტს, ჟურნალისტების უფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას“-აღნიშნა კოტრიკაძემ. 
ამასთან, მისთვის ცნობილი არ არის, როდის აღდგება ტელეკომპანიის მაუწყებლობა, თუმცა არხის ხელმძღვანელობა ამისთვის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. 
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „პიკთან“ საქმიან კონტაქტებს დროებით აჩერებს. ამის მიზეზად „1 არხი“ „პიკის“ მიერ მასთან შეუთანხმებელ მოქმედებებს და ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












