არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მედიასაშუალებებს გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს შექმნის თხოვნით მიმართავენ. 
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ბიზნესის მართვის ცენტრიდან“ აცნობეს, 12 ოქტომბერს 39-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მასმედიის საშუალებებით საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე წარადგინეს. გიორგი თევზაძის კანდიდატად დასახელების არგუმენტად ორგანიზაციები უფლებადაცვით საქმიანობაში მის გამოცდილებას და საზოგადოებაში დამსახურებულ ავტორიტეტს ასახელებენ. 
თუმცა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთავაზების პარალელურად ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესში არაჯანსაღი და არაკონკურენტული გარემოს შექმნის მცდელობა გამოიკვეთა, რაც გიორგი თევზაძისთვის პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობის შეზღუდვით გამოიხატა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. 
მათი განმარტებით, მსგავსი მიდგომა არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და იგნორირებას უკეთებს საზოგადოების დიდი ჯგუფის მიერ გამოვლენილ პოზიციას.
„ეს ყოველივე ნამდვილად არ უწყობს ხელს უკეთესი კანდიდატის შერჩევის პროცესს სახალხო დამცველის საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. შექმნილი ვითარების ფონზე მასმედიის საშუალებებს მივმართავთ თხოვნით, რათა პროცესი გაგრძელდეს კონკურენტულ გარემოში და გამჭვირვალედ“ - აცხადებენ არასამთავრობოები.
 განცხადებას აღნიშნულის შესახებ ხელს აწერენ „საქართველოს  ვეტერანთა ფედერაცია“, „ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი“, „უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია“, საქველმოქმედო ფონდი  „მეოხი 2004“,  არასამთავრობო ორგანიზაცია „მთისძირი“, „ბიზნესის მართვის ცენტრი“, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












