იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დღეს საჩუქრებს გადასცემს.  
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ელჩი მუზეუმს სამ ნივთს გადასცემს - იაპონელი მხატვრის ტოშიჰიდეს მიერ 1894 წელს შესრულებულ იაპონურ ფერად პრინტს; იაპონური რელიგიურ-ტრადიციულ საცეკვაო სარიტუალო  ნიღაბს და პოლიციის უფროსის ფორმას.
ცერემონია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დღეს 15:00 საათზე გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ცნობით, იაპონურ ფერად პრინტზე, გამოსახულია ჩინეთ-იაპონიის ომი. აღნიშნული ნამუშევარი იაპონიის პირველ ელჩს საქართველოში, რუსეთში, ვლადივოსტოკში გენერალური კონსულობის დროს იქ მყოფმა სხვადასხვა ქვეყნის გენერალურმა კონსულებმა გადასცეს, რომელთა ავტოგრაფები ტილოს უკანა მხარეზეა დატანილი.
ეროვნული მუზემის ინფორმაციით, რაც შეეხება იაპონურ რელიგიურ-ტრადიციულ საცეკვაო-სარიტუალო ნიღაბს, ის ელჩს, მამის შინამეს პრეფექტურაში გადასცეს და თანამედროვე, ყველა ტრადიციული წესით დამზადებული ნიღაბია, რომელიც დღესაც ასრულებს სარიტუალო მორთულობის ფუნქციას. ცეკვას კი კაგურა ეწოდება და რელიგიური დღესასწაულების დროს ღმერთების გასართობად ასრულებენ.
მესამე საჩუქარი - პოლიციის უფროსის ფორმა კი - ტოიამას პრეფექტურიდანაა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












