კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან კომპანია „თელასის“ ყოფილი თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ახალ ხელისუფლებას
მათი პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებმა კოალიციის ოფისში საინიციატივო ჯგუფის განცხადება შეიტანეს. მათ განცხადებაში თავისი პრობლემები ჩამოაყალიბეს და ახალ ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თელასის“ სამგორის ბიზნეს-ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო ტივაძემ განუცხადა, „ქართული ოცნება“ მათ დარღვეული უფლებების აღდგენის გარანტად მიაჩნიათ.
მისი თქმით, დათხოვნილი თანამშრომლები პროფესიონალიზმის შეფასებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
„ქართული ოცნების ოფისში განცხადების შეტანის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისს, სასამართლოს და პროკურატურას მივმართავთ - განაცხადა ტივაძემ.
მისი თქმით, ისინი ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე მიმართავენ და იმედოვნებენ, რომ ახალი მინისტრი კახი კალაძე მათ პრობლემებს საქმიანობის დაწყებისთანავე გაეცნობა.
„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა, კომპანიის ოფისის წინ, საპროტესტო აქცია 17 ოქტომბერს გამართეს, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომა და სამსახურებში აღდგენა მოითხოვეს. მათი განცხადებით, „თელასის“ 300-მდე თანამშრომელს კომპანიის ხელმძღვანელობამ სასახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები იძულებით დააწერინა.

















