ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მსუბუქ შემთხვევებში მოქალაქის სადაზღვევო პაკეტიდან დაფინანსდება,
ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში ის უფასო იქნება. 
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გეგმა სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების სისტემური რეფორმაა. 
„სასწრაფო დახმარების დისპეჩერები სპეციალურ მომზადებას გადიან, რათა გამოძახების ტიპის მიხედვით მისი კლასიფიკაცია მოახდინონ და პრიორიტეტი განსაზღვრონ. არის შემთხვევები, რაზეც მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს, არის გამოძახება, რომელზეც შეიძლება ერთი საათით გვიანაც მიხვიდე“ - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეებისთვის გამოძახება უფასოა, ისინი სასწრაფო დახმარებას მსუბუქი შემთხვევების დროსაც იძახებენ. 
„მაშინ, როდესაც ადამიანს ეცოდინება, რომ მას სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი აქვს  კონკრეტული ლიმიტირებული თანხა, ის ამ თანხას მოუფრთხილდება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს. ამიტომ, ის წნევის გაზომვის გამო სასწრაფოს არ მოაცდენს“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. 
მისი თქმით, სასწრაფოს მომსახურების თანხა პოლისში ჩაიდება და ზუსტად განისაზღვრება მისი ოდენობა და დანიშნულება. 
„რეალურად, გადაუდებელი შემთხვევა ულიმიტო იქნება, ხოლო სხვა შემთხვევებზე გამოძახებისას მოქალაქე თანხას თავისი სადაზღვევო პაკეტიდან გადაიხდის და არა ჯიბიდან“ - აღნიშნა სერგეენკომ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












