კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე წმ. ნიკოლოზის #5-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ საცხოვრებლის პრობლემა წლებია აწუხებთ. აღნიშნული მისამართზე არსებული ნაგებობა 2009 წლიდან თბილისის მერიის მიერ სარეაბილიტაციო სახლთა იმ სიაშია, რომელიც პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში უნდა აღდგენილიყო.
მისამართზე 9 ოჯახი ცხოვრობს. მათი განმარტებით, თბილისის მერიიდან 2009 წელს მიიღეს დაპირება, რომ საცხოვრებლი ფართით მათი დაკმაყოფილება 2011 წლის ბოლომდე მოხდებოდა და ახალ ბინებს ყაზბეგის 34-ში მიიღებდნენ.
„ყაზბეგის 34-ში ჯერ მხოლოდ 5 სართულია აშენებული. როდის დასრულდება სამუშაოები ან ბინები ნამდვილად ჩვენთვის შენდება თუ არა, არ ვიცით. არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ბინებზე საკუთრების უფლებას გვაძლევს ჩვენთვის არ გადმოუციათ“ - ამბობს წმ. ნიკოლოზის 5 ნომერში მცხოვრები მოქალაქე მარინა ბორჯაძე.
ვიქტორ დოლიძის განმარტებით, მერიის მიერ აღნიშნული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 60 000 ლარი უკვე გამოყოფილია. იგი ქალაქის მერს საკითხით დაინტერესებისკენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

















