შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა უნივერტიტეტის რექტორის ნოშრევან ჩხაიძის გადარჩევის საკითხს მხარი დაუჭირეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აკადემიური საბჭოს წევრმა გომარ სიხარულიძემ განუცხადა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ჩხაიძეს უფლებამოსილება საბჭოს ექვსივე წევრმა შეუჩერა.
მისი თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხვალ დაინიშნება.
„მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი განიხილება. მას კულტურის სამინისტროს მიერ უფლებამოსილება 6 თვით ადრე უკანონოდ შეუჩერეს“ - განაცხადა სიხარულიძემ.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. მასზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნოშრევან ჩხაიძესთან დაკავშირებული პრეტენზიები და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს.
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების განცხადებით, 23 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნებზე ნოშრევან ჩხაიძე უკანონოდ შემუშავებული წესდებით აირჩიეს, შესაბამისად, ისინი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პროტესტი სტუდენტებმაც გამოხატეს. მათ რუსთაველის გამზირი 5 წუთით გადაკეტეს.

















