მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის მიერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პირველად მოპოვებიდან დღეს 50 წელი შესრულდა. აღნიშნული თარიღი მსოფლიოს
ხუთგზის ჩემპიონს დღეს „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიულოცეს.
იუბილეს აღსანიშნავად დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც გაფრინდაშვილის პირველი წარმატება იყო ასახული - 50 წლის წინ ქართველმა მოჭადრაკემ მოსკოვში გამართულ ასპარეზობაზე მსოფლიოს მაშინდელი ჩემპიონი, მოჭადრაკე ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა.
ნონა გაფრინდაშვილს „სახალხო კრების“ წევრებმა სიმბოლურად დაფნის გვირგვინი დაადგეს და ჭადრაკის დაფის ფორმის საზეიმო ტორტი გაჭრეს.
„შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს „სახალხო კრების“ გაფართოებული კონფერენცია გაიმართა, სადაც საუბარი კრების მომავალ გეგმებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს და 26 მაისის მოვლენების გამოძიების აუცილებლობას ეხებოდა.

















