პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს
და ამ მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას გეგმავს.
როგორც ივანიშვილმა დღეს განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო კომისიას პროფესორი გია დვალი უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, კომისიის წევრები „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძე და „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით ზურაბიშვილი იქნებიან.
ივანიშვილის განცხადებით, განათლების სისტემას საფუძვლიანი რეფორმა ესაჭიროება.
როგორც ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ის სამინისტროს გამჭვირვალე მუშაობას უზრუნველყოფს.
ამასთანავე, მან სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდის განხორციელება გამორიცხა.
მისი თქმით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სახელმწიფო კომისიასთან და რეფორმები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდება.
რაც შეეხება მანდატურის სამსახურის შემდგომ ფუნქციონირებას, მარგველაშვილი გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს.

















