შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უნივერსიტეტის რექტორის 23 აგვისტოს ჩატარებული
არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
როგორც წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, არჩევნები უკანონოდ ჩატარდა და მისი შედეგები უნდა გაბათილდეს.
შალუტაშვილის თქმით, რექტორი უკანონოდ შემუშავებული წესდებით აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ლექტორს, რადგან არჩევნების ჩატარების იურიდიული საფუძველი - წესდება არ არსებობდა.
„როგორც წესი, წესდება წარმომადგენლობითმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს. თუმცა, 23 აგვისტოს არჩევნების შემდეგ გაირკვა, რომ იგი უცნობმა ორგანომ შეიმუშავა. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. შესაბამისად, არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა“ - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.
იგი განმარტავს, რომ უმაღლესი საგანმანათლბლო დაწესებულების წესდებას, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით წარომადგენლობითი საბჭო ამუშავებს და დასამტკიცებლად კულტურის სამინისტროს წარუდგენს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 16 აგვისტოს რეგისტრაციაში გაატარა კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი უნივერსიტეტის წესდება. როცა ჩვენ საჯარო რეესტრს მისი წარმოდგენა მოვთხოვეთ, დაგვიმალეს. ამიტომ, ვის მიერაა შემუშავებული დოკუმენტი არ ვიცით“ - განაცხადა შალუტაშვილმა.
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები კულტურის სამინისტროს 16 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას და რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშნვას მოითხოვენ.

















