შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წინ სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა, რის გამოც რამდენიმე წუთით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოფიო ძიძიგურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტში წესრიგის დამყარებაა, კერძოდ, სტუდენტები ითხოვენ უნივერსისტეტის ცხოვრებაში თანაბრად იყვნენ ჩართული როგორც სტუდენტები ისე ლექტორები.
„გვინდა, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. არ გვინდა გარკვეული გადაწყვეტილებები ვიღაცისთვის იყოს ცნობილი, ვიღაცისთვის კი არა. კონკრეტულად რექტორის გადაგომას არ ვითხოვთ, ჩვენი მოთხოვნაა ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა“-განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეცვლის ვითარებას უნივერსიტეტში, მთავარია გადაწყვეტილებები ყველამ ერთად მიიღოს.
აქციაზე უნივერსიტეტის ლექტორებიც იმყოფებიან. როგორც წარმომადგენლობითი საბჭოს ყოფილმა წევრმა ბერაბ გეგიამ განაცხადა, ისინი უნივერსიტეტის ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევას აპროტესტებენ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან უნვერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი მარგველაშვილი გაათავისუფლეს, დაახლოებით შვიდი თვის წინ, კულტურის სამინისტრომ უნივერსიტეტის ახალი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნოშრევან ჩხაიძე წარადგინა.
გეგიას განცხადებით, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში არ მოხდა, რადგან რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საბჭოს წევრები ირჩევენ.
ამ წუთებში უნივერსიტეტის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აქცია კი, გრძელდება.
სტუდენტთა აქციის საპასუხო განცხადებას რექტორი ნოშრევან ჩხაიძე რამდენიმე წუთში გააკეთებს.

















