საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდს“ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მიეცა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიას შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მოსაპოვებლად ორივე სუბიექტმა ერთობლივი განცხადებით მიმართა.
კომისიის ცნობით, სამაუწყებლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღონ.
ამავე კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის მიცემამდე შეისწავლოს ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები ხომ არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ასევე, ლიცენზიის მაძიებელი, ამ შემთხვევაში კი ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდი“, ხომ არ ფლობს იგივე სამაუწყებლო ზონებში კერძო საეთერო საეთერო მაუწყებლობის სხვა ლიცენზიას.
კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდი“ ჩამოთვლილი კანონისმიერ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, ამიტომ კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“ მოთხოვნა სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ დაკმაყოფილდა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობდა კერძო საერთო მაუწყებლობის სამ ლიცენზიას - კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია – ქ. თბილისი; კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია – ქ. გორი, ქ. ქუთაისი, ქ. სჩხერე, ქ. სენაკი; კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია – ქ. ბათუმი.

















