ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მიწისძვრის შედეგების შესწავლას სპეციალური კომისია ხვალიდან დაიწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფელ ჭიაურის გამგებელმა ტარიელ ქიმაძემ განუცხადა, მიწისძვრამ სოფლის საჯარო სკოლა დააზიანა.
მისი თქმით, დაზიანების გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
„სკოლაში ექსპერტებს ველოდებით, რომლებიც განსაზღვრავენ შეიძლება თუ არა იქ ბავშვების შეშვება. შენობის კედლები დაბზარულია და ბათქაში ჩამოშლილია“ - განაცხადა ქიმაძემ.
მისი თქმით, სოფელში, ასევე, 30-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.
ქიმაძის განცხადებით, ერთ-ერთ სახლს კედლის ნაწილი ჩამოენგრა, დანარჩენზე კი, კედლები დაიბზარა.
„ამ დროისთვის მოსახლეობა ზარალის შესახებ განცხადებებს წერს, ხვალიდან კი, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის“ - აღნიშნა ტარიელ ქიმაძემ.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან ახლოს, ბოლო დღეებში რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა. მათ შორის, ერთ-ერთი 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის გუშინ მოხდა, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა.

















